English / ქართული / русский /
ნინო ჟორჟიკაშვილი
კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები ბაზელ III-ის მიხედვით და აღნიშნული ინდიკატორების მდგომარეობა საქართველოს საბანკო- საფინანსო სექტორისათვის

ანოტაცია.   ფინანსური სტაბილურობის მიღწევა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს  განსაკუთრებით კი, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.  ჯანსაღი ფინანსური სისტემა ქმნის პირობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, აქედან  გამომდინარე  კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ  საფინანსო სექტორის მდგრადობის მხრივ და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებენ, წარმატებით გაუმკლავნდნენ ეკონომიკურ თუ ფინანსურ შოკებს. ბაზელის კომიტეტი პერმანენტულად აქვეყნებს სამოქმედო ჩარჩო-პირობას, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტები ნებისმიერი ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორისათვის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები, მაკროპრუდენციული პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა, საზედამხედველო კაპიტალი. 

                        კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები ბაზელ III-ის  მიხედვით

  კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა კაპიტალის ადეკვატური ნორმების არსებობა, რომლის პირობებშიც ფინანსური ინსტიტუტი ეფექტიანად  უზრუნველყოფს საფინანსო საქმიანობის განხორციელებას და არ შეუქმნის საფრთხეს საბანკო-საფინანსო სექტორს. გარდა ამისა, საფინანსო ინსტიტუტებისათვის ადექვატური რესურსების არსებობა წარმოადგენს კლიენტების ნდობის საფუძველს, დაარწმუნოს კრედიტორები მის ფინანსურ მდგრადობაში და დააკმაყოფილოს მათი  საკრედიტო საჭიროებები, თუნდაც  არასახარბიელო ეკონომიკურ პირობებში. თავის მხრივ, მეანაბრეებისა და კრედიტორების ნდობას ბანკების მიმართ მოაქვს, სტაბილურობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა მთელი საბანკო სისტემისთვის.

  ბაზელის კომიტეტი[1] წარმოადგენს  საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოს, რომლის მთავარი მიზანია საფინანსო მდგრადობის უზრუნველყოფა, ეფექტური საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება და რისკის მენეჯმენტის უზრუნველყოფა, შესაბამისი ნორმებისა და რეგულაციების გამოქვეყნებით. ბაზელის კომიტეტი პერმანენტულად ახორციელებს კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლების მინიმალური ზღვრების დაწესებას, რომელიც ერთგვარ ორიეტირს წარმოადგენს თითოეული ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორისათვის [Basel Committee on Banking Supervision,2019:1].  კაპიტალის შესაბამისი კოეფიციენტების დაწესებით ბაზელის კომიტეტი ცდილობს საბანკო სექტორის  შესაძლებლობის გაზრდას ფინანსური შოკების მიმართ, ასევე საბანკო სექტორის საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფასა და თითოეული ფინანსური ინსტიტუტის დონეზე სისტემური რისკების[2] მინიმალურ დონემდე შემცირებას. 

   2017 წელს[Basel Committee on Banking Supervision,2018:1,2]  ბაზელის კომიტეტმა დაასრულა Pillar III-ის ჩარჩო-პირობით გათვალისწინებული საზედამხედველო და შეფასებითი ფუნქციის მეორე ფაზა, ხოლო 2018 წლის თებერვალში დაიწყო  Pillar III-ით გათვალისწინებული მესამე ფაზის განხორციელება. განახლებული Pillar III-ის მიხედვით, ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ბაზელის კომიტეტი იყენებს შემდეგ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს:

-         კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი

-          პირველადი კაპიტალი (Tier 1)

-         საზედამხედველო კაპიტალი

-         კაპიტალის კონსერვაციული ფუფერი

-         ლიკვიდობის დაფარვის კოეფიციენტი

ნახ.  1.  ბაზელ III-ის კაპიტალის მაჩვენებელთა  გრადაცია, 2013-2019 

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

კონტრციკლური ბუფერი(CCB)

 

 

 

0.625%

1.25%

1.875%

2.50%

პირველადი კაპიტალი(Tier1[3])

4.50%

5.50%

6%

6%

6%

6%

6%

მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი(კონსერვაციის ბუფერის ჩათვლით)

 

8%

8%

8.625%

9.25%

9.875%

10.50%

ლიკვიდობის დაფარვის კოეფიციენტი

 

 

60%

70%

80%

90%

100%

                 

წყარო:BIS working paper,International Convergence of capital measurements and Capital standards, 2019 

  კაპიტალის კონტრ-ციკლური ბუფერი[4]გულისხმობს კაპიტალის მოთხოვნის ცვლილებას ეკონომიკური ციკლის პარალელურად.კერძოდ,  ეკონომიკური ბუმის დროს იზრდება სავალდებულო კაპიტალის მოთხოვნა საშუალო ნიშნულზე მაღლა, ხოლო რეცესიის დროს-მცირდება. კონტრციკლური ბუფერის გამოყენების ძირითადი იდეა მდგომარეობს ეკონომიკის აღმავლობის ფაზაში საკმარისი ოდენობის ფინანსური კაპიტალის მარაგის შექმნა, რაც რეცესიის დროს იქნება გამოყენებული საკრედიტო მიწოდების გასაზრდელად. მისი განსაზღვრისა და გამოყენების ორიენტირია კრედიტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი(credit‐to‐GDP ) [Borio and Drehmann,2009:35].

   ბაზელის კომიტეტის თანახმად, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის  მნიშვნელობა უნდა მერყეობდეს 0-2,5% საზღვრებში[5]. 2019 წლისათვის ზოგიერთ ქვეყანაში იგეგმება მაჩვენებლის ეტაპობრივად ზრდა, კერძოდ, ბულგარეთი 2019 წლის აგვისტოსათვის გეგმავს ნიშნულის დაწესებას 0.5%-მდე, ჩეხეთი 2019 წლის ივლისისათვის  1.5%-მდე, ხოლო 2020 წლის იანვრისათვის-1.75%-მდე,ისლანდია-2020 წლის თებერვლისათვის მაჩვენებელს გაზრდის 2%-იან ნიშნულამდე, ხოლო ნორვეგია და შვედეთი 2019 წლის მეოთხე კვარტლისათვის კაპიტალის ბუფერის 2.5%-იანი ნიშნული  დაწესებას  გეგმავენ[European Systemic Risk Board, 2019:17].

 პირველადი კაპიტალი(Tier1 Capital)-საზედამხედველო კაპიტალის ძირითადი წყარო, პირველადი კაპიტალი უნდა შეადგენდეს საზედამხედველო კაპიტალის არანაკლებ 50 პროცენტს და გამოიყენება ტრანსაქციებისათვის(ინვესტირება, ვაჭრობა, სესხის გაცემა). ბაზელ III-ის მიხედვით, იმისათვის, რომ ფინანსური ინსტიტუტი ჩაითვალოს კარგად კაპიტალიზებულად, აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა უნდა იყოს მინიმუმ  6%.

 მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი(Capital Adequacy Ratio (CAR))- აღნიშნული მაჩვენებლის მიზანია უზრუნველყოს დეპოზიტარები მოსალოდნელი დანაკრგებისაგან და დაეხმაროს ფინანსურ სექტორს ეფექტურად ფუნქციონირებაში. CAR -ის მინიმალური მნიშვნელობა ბაზელ III-ის მიხედვით არის 10.5% კონსერვაციის ბუფერის გათვალისწინებით.[6] აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშებისას 2 ტიპის კაპიტალი მიიღება მხედველობაში: Tier 1 და Tier 2 [7]. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ Tier 2 უფრო მეტად სარისკოა Tier 1-თან შედარებით, რადგანაც შედგება   ნაკლებლიკვიდური კომპოზიტური აქტივებისაგან. თავის მხრივ Tier 2 შედგება  შემდეგი კომპონენტისაგან: გადაფასების რეზერვები, ანარიცხები და ჰიბრიდული ფინანსური ინსტრუმენტები. 

კაპიტალის ადევქტურობის კოეფიციენტი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: 

 

ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი-მაჩვენებელი დაითვლება, როგორც მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების შეფარდება მთლიან წმინდა ფულად გადინებასთან. ბანკი უნდა ფლობდეს ლიკვიდურ აქტივებს, რომელიც საკმარისი იქნება ფინანსური სტრესის დროს მთლიანი წმინდა ფულადი გადინების გადასაფარად. ამისთვის, საჭიროა ბანკმა შეინარჩუნოს ადეკვატური ლიკვიდობის მარაგი, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკს გაუმკლავდეს მოსალოდნელ სხვაობას ლიკვიდური სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის 30-დღიან სტრესულ პირობებში. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, რადგან მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი განკუთვნილია მოსალოდნელ ფინანსურ სტრესთან გასამკლავებლად. ამასთან, ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ცალკე უცხოურ ვალუტაში არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 75%-ზე ნაკლები.  ფინანსური სტრესის პირობებში ბანკს შეუძლია გამოიყენოს მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები, და შესაბამისად, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ჩამოსცდეს 100%-ს[საქართველოს ეროვნული  2018 წ:7,8]. 

 კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლების მდგომარეობა საქართველოს საბანკო-საფინანსო 

                                                                  სექტორისათვის 

საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორისათვის კომერციული ბანკების კაპიტალის მოთხოვნები განისაზღვრება  ბაზელ III-ის სტანდარტებითა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციითა და 2013/36/EU დირექტივით [საქართველოს ეროვნული ბანკი, 2019:1-5]. კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით". 

  სებ-ის გადაწყვეტილებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის მნიშვნელობა 2017 და 2018  წლისათვის 0%-იან განაკვეთზე არის დაწესებული და 2019 წლისათვისაც  სებ-ი სავარაუდოდ,მაჩვენებელს  იმავე ნიშნულს შეინარჩუნებს.

 

ნახ. 2. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი და კომიტეტის გადაწყვეტილებები 

თარიღი

განაკვეთი

18.12.2017

0%

01.03.2018

0%

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი,წლიური ანგარიში, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები, 2018 წ 

რაც შეეხება პირველად და საზედამხედველო კაპიტალს, ბაზელ III-ის მოთხოვნის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებლები უნდა შეადგენდეს, შესაბამისად  4% და8%-ს[9], ხოლო საქართველოს საბანკო სექტორისათვის ეროვნულო ბანკის მიერ დაწესებული აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენს 8% და 12%-ს. ნახ.3-ზე წარმოდგენილია კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტი 2002-2016 წლებში, რომელიც აღემატება ბაზელის სტანდარტით დაწესებულ ნიშნულს, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორის არამდგრადობითა და მაღალი დოლარიზაციით, იგივე ტენდენციას ადასტურებს გრაფ.4 

ნახ. 3.     კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტი(CAR), 2002-2016

  

წყარო: The National Bank of Georgia’s Forecasting and Policy Analysis System, Macroeconomics and Statistics Department Macroeconomic Research Division, 2016, გვ.35  

გრაფ.4. საზედამხედველო კაპიტალი  კვარტლების მიხედვით, 2015-2018

თარიღი

2015Q1

2015Q2

2015Q3

2015Q4

2016Q1

2016Q2

2016Q3

2016Q4

მნიშვნელობა

11.7

12.0

11.8

12.0

12.0

11.8

12.3

10.5

თარიღი

2017Q1

2017Q2

2017Q3

2017Q4

2018Q1

2018Q2

2018Q3

2018Q4

მნიშვნელობა

11.6

11.4

11.6

14.0

14.2

14.2

13.1

13.5

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი,წლიური ანგარიში, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები, 2019

ნახ. 5.    კაპიტალის ადექვატურობის კოფიციენტი(%) ქვეყნების მიხედვით

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი,წლიური ანგარიში, მაკროეკონომიკური ინდიკატორები, 2017 წ 

   საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის მონაცემებით, წარმოადგენილია კაპიტალის ადექვატურობის შედარებითი გრაფიკი(იხ.გრაფ.5.) საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებისათვის. საზედამხედველო კაპიტალის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს ესტონეთს-32%, შემდეგ უზბეკეთს-24%, ბულგარეთს-22%.საბოლოო ჯამში,უნდა ითქვას, რომ საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნები, აკმაყოფილებენ ბაზელის სტანდარტით გათვალისწინებულ კაპიტალის მოთხოვნის ნორმებს. 

გრაფ. 6. პირველადი და საზედამხედველო კაპიტალი საქართველოს კომერციული ბანკებისათვის, 2015-2017

 

2015 .

2016 .

2017.

ბანკი

პირველადი
 კაპიტალი

საზედამხედველო
 კაპიტალი

პირველადი
 კაპიტალი

საზედამხედველო
 კაპიტალი

პირველადი
 კაპიტალი

საზედამხედველო
 კაპიტალი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 

12.83%

20.03%

8.84%

18.41%

9.61%

13.39%

სს "საქართველოს ბანკი" 

12.32%

14.49%

10.69%

16.34%

9.47%

15.25%

სს "ბანკი ქართუ" 

20.69%

35.40%

15.37%

29.83%

14.43%

28.33%

სს "თიბისი ბანკი" 

12.50%

15.59%

13.79%

17.46%

14.04%

15.09%

სს "ლიბერთი ბანკი"

13.53%

18.11%

12.88%

19.81%

15.25%

23.99%

სს "პროკრედიტ ბანკი" 

10.34%

15.22%

10.51%

14.81%

13.22%

17.08%

სს „სილქ როუდ ბანკი"

31.99%

35.60%

53.74%

52.60%

67.72%

67.87%

 წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი,წლიური ანგარიში, ფინანსური სტაბილურობის

           ინდიკატორები, 2017 წ

 გრაფიკ 6-ზე წარმოდგენილია მონაცემები 2015- 2017 წლებისათვის შემდეგი კომერციული ბანკებისათვის: „ვითიბი ბანკი ჯორჯია“,“საქართველოს ბანკი“, „ბანკი ქართუ“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“. თითოეული ბანკის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კომერციული ბანკები სრულად აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის მიხედვით დაწესებულ ნორმებს პირველადი და საზედამხედველო კაპიტალის ჭრილში, მეტიც ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში მაჩვენებლები დაახლოებით 2-ჯერ(„ბანკი ქართუ“) და 3-ჯერ („სილქ როუდ ბანკი“)  აჭარბებს მინიმალურ მნიშვნელობას[საქართველოს ეროვნული ბანკი,2017]. 

                                                                       დასკვნა

გლობალიზაციის პროცესის გაძლიერებისა და მისი ზრდის ტემპის კვალობაზე სულ უფრო აქტიურად  მიმდინარეობს ფინანსური გარემოსა და ფინანსური ბაზრების მოდიფიკაცია, თუმცა აღნიშნული განვითარება არ არის უკონფლიქტო. ფინანსური სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე სულ უფრო აქტუალური ხდება ბაზელის კომიტეტის მიერ დაწესებული კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება თითოეული ქვეყნის დონეზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები სრულად  აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის სტანდარტებს, რაც მიუთითებს მათ ფინანსურ მდგრადობაზე. აღნიშნული მოთხოვნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, რათა მათმა ფინანსურმა სიძნელეებმა არ მოახდინონ მთელი საბანკო-საფინანსო სექტორის კოლაფსი. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ეროვნული ბანკი,წლიური ანგარიში, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები,

      2019 წ,გვ.1-5

2. Basel Committee on Banking Supervision, Consolidated Basel Framework, April 2019, pp. 1

3. Basel Committee on Banking Supervision, Pillar 3 disclosure requirements – updated framework, December 2018,pp. 1-2

 4. European Systemic Risk Board, Counercyclial Capital Buffer, 09.04.2019,pp.17-20

 5. The National Bank of Georgia’s Forecasting and Policy Analysis System, Macroeconomics and Statistics Department Macroeconomic Research Division, 2016, pp.1


[1] ბაზელის კომიტეტი-საერთაშორისო საზედამხედველო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მდგრადობის  მიღწევას შესაბამისი რეგულაციების შემუშავებით.

[2] სისტემური რისკი-რისკი, რომელიც ემუქრება მთლიანად საფინანსო სექტორს და ახდენს მის კოლაფსს.

[3] Tier 1 Capital-ბანკის ძირითადი  კაპიტალი/რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები.  იგი არის ბანკის  

  მფლობელობაში არსებული  კაპიტალი, რომელიც გამოიყენება ტრანსაქციებისათვის.

[4]მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტი, გამოიყენება საკრედიტო ციკლის პრო-ციკლურობის გასანეიტრალებლად.

[5] Riskbank Studies. ,,countercyclical capital buffers as a macroprudentia;l policy’’, pp10, dec 2012

[6] Basel Committee, Financial Sector Review, 2015,pp5

[7]Tier 2-დამატებითი, შემავსებელი კაპიტალი, მაგ:გადაფასების რეზერვი, ჰიბრიდული ინსტრუმენტები და ა.შ.

[8] Tier 2 კაპიტალი-ბანკი დამატებითი კაპიტალი, რომელიც გამოიყენება საფინანსო კრიზისის დროს     Tier 1 კაპიტალის ამოწურვის შემდეგ.

[9] The National Bank of Georgia’s Forecasting and Policy Analysis System, Macroeconomics and Statistics Department    

  Macroeconomic Research Division, 2016, გვ.35